ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მოქალაქეები ბათუმში მომხდარი დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
სამოქალაქო პანაშვიდზე ის მეხანძრე-მაშველები მივიდნენ, რომლებიც თითქმის 30 საათიან სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
"ენით აღუწერელი ტრაგედიაა, რაც მოხდა ბათუმში 8 ოქტომბერს. მას მერე მთელი ქვეყანა შოკირებულია და ძალიან რთულია ნებისმიერი ადამიანისთვის ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და მით უმეტეს იმ ოჯახებისთვის, ვისაც დაატყდა ეს უბედურება თავს," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილები ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში არიან გადასვენებული, სადაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
26 მაისის 13 ნომერთან უკვე მეოთხე დღეა "გლოვის კედელია" აღმართული, სადაც მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და ამით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია. კიდევ ერთი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება.