02 სექტემბერი 2026,   03:15
ვრცლად
თუ ევრობიუროკრატიის გზას გაჰყვებიან მიგრაციულ პოლიტიკაში, უნგრეთიც ასეთი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება - თენგიზ შარმანაშვილი მადიარის განცხადებაზე

ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშეა და მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. მან ასევე გააკრიტიკა მიგრაციული პოლიტიკის გამო, ბრიუსელის მხრიდან უნგრეთისთვის დაკისრებული ყოველდღიური ფინანსური სანქციები. უნგრეთის პრემიერი მას უსამართლოდ მიიჩნევს.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ თუ უნგრეთი ევრობიუროკრატიის ამ გზას გაჰყვება, მიგრაციულ პოლიტიკაში კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება:

"ეს არის ევრობიუროკრატიის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბოლო წლების განმავლობაში. არავის ეგონოს, რომ ჩვენი მოგონილია. ახლა ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი გამოდის და ისე საუბრობს ამ თემებზე, თითქოს ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს და ჩვენ ვაკრიტიკებთ. არა, რა თქმა უნდა, დასავლეთის წამყვანი წრეები, ძალიან ბევრი, მათ შორის მრავალი სახელმწიფოს ხელმძღვანელიც და ამერიკა, პირდაპირ აკრიტიკებენ და კატასტროფის პირამდე მიყვანილი მიგრაციულ პოლიტიკაზე მიუთითებენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არანაირი ინტეგრაციის პოლიტიკა ამ ხალხის ამ ევროპულ საზოგადოებაში არ არსებობს.

ყველაფერი ეს ერთად აღებული მიანიშნებს ევრობიუროკრატიის კრახზე. ორბანი როცა ამაზე საუბრობდა, მადიარს ხელისუფლებაში მოსვლა უნდოდა და მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდა ამას, მაგრამ უკვე როდესაც უნგრეთს თვითონ ჩაუდგა სათავეში და თავისი ქვეყნის პრობლემების წინაშე დადგა, დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რაზეც მისი წინამორბედი საუბრობდა, რომ თუ ევრობიუროკრატიის ამ გზას გაჰყვებიან, მიგრაციულ პოლიტიკაში უნგრეთიც ასეთი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება,"- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები