მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და გააქტიურებისაკენ მოუწოდებს.
"ზეგ უნდა ვიყოთ ბევრნი" - მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა წერილობითი მიმართვა უფლებადამცველების დახმარებით, ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა.
ავდოკატების თქმით, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული მე-3 პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
"უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველდღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას უნდა ვუპასუხოთ აქტიურ ქმედებებზე გადასვლით. ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინების და მოსყიდვის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან, სასამართლოებთან.
ახლა რაც მთავარია, 14-ში, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ საზოგადოებას გააჩნია ღირსება, თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას. ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ერთადერთი ბრძოლის ინსტრუმენტი.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი ჩემს გათავისუფლებას მივაღწიო უკვე მეორე ტურამდე, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართვებში. 30-ში გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ 30-მდე ყოველდღიური, ყოველწუთიერი ბრძოლით და შუეპოვრობით", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვენ დაინიშნოს ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესები. ადვოკატებმა დღეს სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტისთვის ზარების შეზღუდვას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.