ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სრული დემონტაჟი უნდა მოხდეს - ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. 26 მაისის 13 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.
კორპუსში, რომლის დემონტაჟიც მალევე დაიწყება, 55 ოჯახი ცხოვრობდა, ისინი ამ დროისთვის დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანეს. დასკვნის შესახებ ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაავრცელა.
ედნარ ნატარიძის განცხადებით, საჭიროებისამებრ ბიუჯეტიდანაც დაახლოებით 800 ათას ლარამდე გამოიყოფა.
"მოცემული შენობა ექვემდებარება დემონტაჟს, მისი გამაგრებითი სამუშაოები ფაქტობრივად შეუძლებელია. შესაბამისად, ამ კუთხით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა ფინანსური რესურსების მობილიზება. დღეის მდგომარეობით ეს ფინანსური რესურსი შეადგენს 500 ათას ლარს და ასევე დაახლოებით 45 ათასი ლარი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, რომლის მიხედვითაც დეტალურად უნდა მოხდეს ამ სახლის დემონტაჟი - ამ კუთხით განხორციელდება სამუშაოები.
ყველა მობინადრე გაყვანილია, სასტუმროთი და შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფილი არიან, რომლის ხარჯებსაც მერია დაფარავს. სარეზერვო ფონდში მობილიზებულია თანხები და დამატებით ბიუჯეტზეც გადის უკვე დაახლოებით 800 ათას ლარამდე დამატება," - აცხადებს ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ედნარ ნატარიძე.