20 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
დაშინება და მუქარა ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით - ვის და რატომ სძალავდა დაკავებული 3 პირი ათასობით დოლარს

"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს. 

სხვებთან ერთად დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი "დათო ტბილისკი", ფარულ ჩანაწერებში, ასევე, ფიგურირებს ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდი "ცანციკო", რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ საავტომობილო კომპანიაში საკუთარი ინტერესები აქვს. აღსანიშნავია, რომ "ცანციკო", რომელსაც დაკავებულები შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ახსენებენ, სენაკელი 83 წლის ფრიდონ ბარკალაიაა, ის ე.წ. კანონიერი ქურდის სახელს აღარ ატარებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობის მუქარით რამდენიმე ათასი დოლარი გამოსძალეს.

"კურიერი" ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს ესაუბრა, რომელსაც საქმის მასალები უკვე გადაეცა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

"გუშინ გადმომცეს საქმე, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, შეთანხმებული არ ვარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ჟურნალისტებთან კომუნიკაციაზე. სავარაუდოდ, დღეს შევხვდები," - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

"კურიერის" ინფორმაციით, 52 წლის დავით ქუძოშვილი, მეტსახელად "დათო ტბილისკი" წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. 

საქმეზე გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე მიმდინარეობს, სასჯელი 3-დან 10 წლამდე განისაზღვრება.

დღის ამბები