ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, მხარდამჭერების თავისუფლების მოედანზე შეკრების შემდეგ, არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურად ემზადება. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ გუშინდელი აქციის ფონზე 30 ოქტომბერს გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ამისთვის კი, მთავარ ფორმულად პარტიებს შორის ერთიანობას ასახელებენ.
ცვლილებებისთვის ბრძოლას პირველ ტურში გამოეთიშა ოპოზიციის უმრავლესობა, თუმცა ახლა ძალების მოსინჯვას კიდევ ერთხელ მათივე კონკურენტების სასარგებლოდ შეეცდებიან. პარტიებში ამბობენ, რომ მხადამჭერებს არჩევანის გაკეთებას ერთი ნიშნით ურჩევენ, აირჩიონ "ქართული ოცნების" ალტერნატივა.
"სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო" და "რესპუბლიკური" პარტია - ეს სამი პოლიტიკური ძალა მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.
ოპოზიციური პარტიების ერთობაში არ შედიან "გირჩი" და გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის". მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრემიერის პოლიტიკური ძალის მერობის კანდიდატს ცაგერში "ლელოს" მხარდაჭერა აქვს, პარტია "საქართველოსთვის" მეორე ტურში 11 მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობისთვისაც იბრძოლებს.
ოპოზიციის კონსოლიდაციის ან მის გარეშეც დარწმუნებულები არიან საკუთარ გამარჯვებაში "ქართულ ოცნებაში". ამბობენ, რომ ხმები, რომელიც პირველ ტურში სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა, მეორე ტურში ანალოგიურ შედეგს არ ნიშნავს, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ამომრჩეველი არჩევანს მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაზე" არ გააკეთებს.
ზუსტად 15 დღეში, ქვეყნის მასშტაბით 20 მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება და ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს კიდევ ერთხელ გააკეთებს.