კორონავირუსი ძალებს იკრებს, განსაკუთრებით მომატებულია ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში.
ქვეყნის მასშტაბით, სრულად ონლაინსწავლებაზე 108 სკოლა და 687 ცალკეული კლასი გადავიდა.
დახურულია ბაღებიც - მხოლოდ თბილისში კარანტინი 99 ბაღში გამოცხადდა. სპეციალისტები ეპიდვითარების გაუარესებას მობილობის ზრდას უკავშირებენ.
არსებული სურათის მიუხედავად, ჯანდაცვის მენეჯერები ცდილობენ, ლოკალური გადაწყვეტილებები მიიღონ. თუმცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ჯერ არ განიხილება.
"შემთხვევები იმატებს, რაც ცალსახად გაზრდილ მობილობას უკავშირდება. ბოლო პერიოდში, თუნდაც ქუჩის აქციებიდან გამომდინარე, მობილობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო. ჯერჯერობით, ჩვენ პანდემიის მართვის აქტიურ პროცესში ვართ და ვფიქრობთ, რომ ის რესურსი, რომელიც აქვს ჯანდაცვის სექტორს, მათ შორის, ვაქცინაციის პროცესის გაზრდის შესაძლებლობა, მოგვცემს იმის საშუალება, რომ სტაბილიზაციას დამატებითი შეზღუდვების გარეშე მივაღწიოთ. მკაცრი შეზღუდვები კი იქნება მაშინ, როდესაც ვნახავთ, რომ ამ ყველაფერს ჯანდაცვის სექტორი ვეღარ გაუძლებს და სიკვდილობის ზეწოლა მეტი იქნება,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.