ლეტალობის და ახალი შემთხვევების მზარდი მაჩვენებელი - საქართველოში, ამჟამად, კოვიდს თითქმის 47 000 ადამიანი ებრძვის. ბოლო 24 საათში ვირუსის კიდევ 5219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი.
სპეციალისტებს ვირუსის დამარცხების მთავარ გზად ვაქცინაცია მიაჩნიათ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუნიზაციის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ეპიდემიოლოგებს საგანგაშოდ მიაჩნიათ.
რაც შეეხება რეგიონებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ კახეთში ინციდენტობის და დადებითობის მაჩვენებელი მკვეთრად არის მომატებული.
"ასევე, მაღალი არის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ერთადერთი, რაც შედარებით სტაბილურია, ეს გახლავთ ლეტალობის მაჩვენებელი.
დღეის მდგომარეობით, კახეთში 298 საწოლზეა გაშლილი ყველა ის კოვიდკლინიკა, რომელიც გვაქვს. თითქმის ყველა დაკავებულია, თუმცა ხდება პაციენტების გადაყვანა იქაც, სადაც თავისუფალი ადგილია. ნამდვილად არ ხდება ისე, რომ ვინმე აუცილებლად გადასაყვანი იყოს კლინიკაში და ის იმიტომ რჩებოდეს ბინაზე, რომ მისთვის ადგილი არ არის," – აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ამბობს, რომ იმერეთში განსაკუთრებით თვალშისაცემია ინფიცირებულთა მატება, ვინაიდან 24 საათის განმავლობაში რეგიონში 907 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
"განსხვავებით სხვა რეგიონებისგან, უფრო თვალშისაცემია მატება, რომელიც იმერეთში მიმდინარეობს, გვაქვს გასული 24 საათის განმავლობაში 907 ახალი შემთხვევა, ქუთაისში, დაახლოებით, 22-მდე ბაღი არის დაკეტილი, არაერთი კლასია გადაყვანილი ონლაინსწავლების რეჟიმზე," - განმარტა გოჩა გიორგიძემ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, ამ ეტაპზე 405 პაციენტი გადის კოვიდკლინიკებში მკურნალობას. ასევე მისი თქმით, შეინიშნება ინფიცირება სკოლებსა და ბაღებში, რის გამოც მათი ნაწილი დაიხურა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
"4 ათასზე მეტი ინფიცირება არის დაფიქსირებული რეგიონში, რომელთაგან 485 რეგიონში არსებული კოვიდკლინიკებში გადის მკურნალობის. ასევე, შეინიშნება ინფიცირება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, 4 სკოლა არის დისტანციურ სწავლებაზე გადასული, ხოლო 4 საბავშვო ბაღი სრულიად არის დახურული. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა ინფიცირების მაჩვენებლის მატება, შესაძლებელია, გაჩნდეს პრობლემები," - აცხადებს ნინო ვიბლიანი.