50 წლამდე მამაკაცი, რომელიც ბათუმში დაჭრეს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით შუახნის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დაჭრილი მამაკაცი, მძიმე მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში შევიდა. მას ორივე ქვედა კიდურზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა, ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგული.
"პაციენტი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, პრაქტიკულად იყო კრიტიკული მდგომარეობა. შემოსვლისთანავე პაციენტთან იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლსასროლი მრავლობითი ჭრილობები, იყო ძალიან დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი. შემოსვლისთანავე დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია და სამწუხაროდ, მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა პაციენტთან დაფიქსირდა სიკვდილი," - აცხადებს ბათუმის ემერჯენსის ხელმძღვანელი ნათია ბაბუხადია.
როგორც ცნობილია, შემთხვევა ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მოხდა. ინცინდენტის თვითმხილველების განცხადებით, მათ შავი ფერის ავტომობილი შენიშნეს, საიდანაც შენიღბული მამაკაცი გადმოვიდა და 44 წლის მამაკაცს რამდენჯერმე ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენა.
ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, გარდაცვლილი მამაკაცი ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარი იყო და ის რეაბილიტაციის მიზნით დაწესებულებაში სისტემატიურად დადიოდა.