16 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"მანქანით ბლოკირება თუ არეულობაა, მაშინ არ ვიცი..." - სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება

შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ - გეგმავდნენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის მე-8, ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, გზების ბლოკირებას. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის ფიგურანტების გამოკითხვები გრძელდება. დღეს 6 პირს გამოკითხავენ. მოწმეებს, მათ შორის მოძრობა "შეცვალეს" აქტივისტებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დილიდან უსმენენ.

"თავისუფალი ზონის" აქტივისტი და ერთ-ერთი მოწმე ანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ მის მიმართ გამომძიებლებს კითხვები ჰქონდათ იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა და რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

ანა ჯინჭარაძე აცხადებს, რომ ის აღნიშნულ საუბარში არ მონაწილეობდა, თუმცა ესწრებოდა შეხვედრებს, რომელიც მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში და მისივე თქმით, არცერთ ასეთ შეხვედრაზე სახელწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბარი არ ყოფილა.

"ჰქონდათ ისეთი კითხვები, რაც დიალოგში იყო, ვთქვათ - თქვა თუ არა ბატონმა ბესომ [წერედიანი]"ვაპირებთ სახელწიფოს გადატრიალებას, აქციებს, გზების გადაკეტვას". მე არც კი მახსოვს მსგავსი საუბარი და რა თქმა უნდა, უარი განვუცხადე, რომ მე ეს არ გამიგია. ზოგადად, მე ყველა შეკრებაზე დავდივარ, ეს შეკრებები თითქმის ყოველდღიურია და, შესაბამისად, მეც ყოველ დღე დავდივარ ამ შეკრებებზე. ჩემი თანდასწრებით მსგავსი საუბარი არ იყო და ბატონ ბესოსაც ვიცნობ შორიდან," - განაცხადა ანა ჯინჭარაძემ.

გარდა ანა ჯინჭარაძისა, დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან "შეცვალეს" აქტივისტებიც. ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან გამოძიებას მიაწოდონ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის არის ცნობილი.

მათი განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შეხვედრებს ესწრებოდნენ, თუმცა სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე არცერთ შეხვედრაზე არ უსაუბრიათ. მოწმეები არ გამორიცხავენ, რომ საქმის და ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტი ბესიკ წერედიანი დააკავონ.

"თუ ვინმე რამეს აპირებს, ეს ძალიან კულუარულად და მობილურების გარეშე ხდება. მაგრამ არავინ არაფერს არ აპირებდა, ეს იყო ჩვეულებრივი მოსაზრება - თუ რა ბერკეტები შეიძლებოდა განგვეხილა, მეტი არაფერი არ იყო. ბლოკირება არ იყო იქ, უფრო როგორ უნდა შეგვეშალა ხელი იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში არ მოხვედრილიყო. რა შუაშია არეულობა, მანქანით ბლოკირება თუ არეულობაა, მაშინ არ ვიცი. ფაქტია, რომ ეს ტელეფონით არის ჩაწერილი, ანუ ვიღაცამ დიქტოფონით ჩაიწერა ეს საუბარი," - აღნიშნა "თავისუფალი ზონის" აქტივისტმა, მაკა მინდიაშვილმა.

დღის ამბები