ოკუპირებულ სოხუმში ვეტერანების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გვიან ღამით დასრულდა. ამ ეტაპზე ხალხმრავლობა არც დრამატული თეატრის და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არ შეინიშნება. საღამოს კი რამდენიმე ათას ადამიანს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა მიმართა. ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს 30 სექტემბრის ინციდენტის ობიექტურად გამოსაძიებლად. მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ძალაში დატოვა საკუთარი გადაწყვეტილება ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის დმიტრი დბარის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით.
"არაერთხელ მითქვამს, რომ არავინ ამართლებს 30 სექტემბერს სოხუმის სანაპიროზე მომხდარ ინციდენტს. ძალიან ვწუხვართ ამის გამო. და კონფლიქტის მოგვარების სამართლებრივ გზებზე ვმუშაობთ," - აღნიშნა ასლან ბჟანიამ.
სამართლებრივი გზების არ სწამთ არც დე ფაქტო ოპოზიციაში და არც ვეტერანთა გაერთიანებაში. აქ აცხადებენ, რომ ყველაფერს მოსახლეობა გადაწყვეტს. საერთო სახალხო შეკრების ინიციატივა გვიან ღამით აქციის მონაწილეებმა სპეციალურ რეზოლუციაში ასახეს. დოკუმენტის კიდევ ერთი პუნქტი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებასთან ერთად პრეზიდენტის გადადგომასაც ითვალისწინებს. ამ მოთხოვნებს უკვე მასშტაბურ აქციაზე დააყენებენ, თუმცა როდის გაიმართება შეკრება ეს ჯერჯერობთ უცნობია.
"პრეზიდენტის უარს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, განვიხილავთ კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევად და მორალური ღირებულებების შეურაცხყოფად. აქედან გამომდინარე ვიტოვებთ უფლებას გავმართოთ საერთო სახალხო შეკრება, სადაც დავაყენებთ მოქმედი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას. მას აღარ შეუძლია მასზე დაკისრებული უფლებამოსილების შესრულება," - აღნიშნა "არუაას" ლიდერმა, თემურ გულიამ.
ინციდენტი სოხუმში 30 სექტემბერს მოხდა. მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. გამარჯვების დღეს ზეიმობდნენ. სანაპიროზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლის გამო ე.წ. პოლიციამ სასტიკად სცემა ვეტერანები და დე ფაქტო პარლამენტის წევრი ჰარი კოკაია. ამ ფაქტის გამო პასუხისგებაში არავინ მიუციათ. დაზარალებულები კი აცხადებენ, რომ სადამსჯელო ღონისძიებაში მონაწილეობდა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი დმიტრი დბარი. ვეტერანების თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი არა ჰაერში გასროლაა, რაც აფხაზეთში საკმაოდ ხშირია მოვლენაა, არამედ ე.წ. დეპუტატ ჰარი კოკაიას შეხედულებებია, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგება ე.წ. მთავრობის კურსს.