20 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
მკვლელობა ოფშკვითში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ

სასურსათო მაღაზიიდან გამოსული ვალერი კეკელიძე სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მისმა მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, დაჭრილს ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა და ის საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა, დამნაშავე კი ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობა დღისით მოხდა, შემთხვევას თვითმხილველიც ყავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელს დანაშაული წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული და მსხვერპლს მაღაზიასთან ელოდებოდა, თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღიც.

ოფშკვითში საუბრობენ, რომ ვალერი კეკელიძე სასიკვდილოდ, სავარაუდოდ, შოთა ჩადუნელმა გაიმეტა. კეკელიძე ჩადუნელის მეგობარი და მისი შვილის ნათლიაა. პირად საუბრებში, მეზობლები, რომლებიც ორივეს კარგად იცნობენ ყვებიან, რომ მამაკაცებს უთანხმოება წარსულშიც არაერთხელ ჰქონიათ, მიზეზს არ აკონკრეტებენ, "კურიერის" ინფორმაციით კი, მოტივი ყოფითი საკითხია.

მოკლულის ცხედარი უკვე სახლში გადაასვენეს, ახლობლებს მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ, არც მოტივზე და არც მკვლელის ვინაობაზე ლაპარაკობენ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ დამნაშავეს ვალერი კეკელიძის მოკვლა რამდენიმე დღით ადრე, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.

დღის ამბები