20 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
დისტანციურ სწავლაზე გადასულია 172 სკოლა და 408 ცალკეული კლასი - კოვიდვითარება საგანმანათლებლო დაწესებულებებში

გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი შემცირდა. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 172 სკოლა და ცალკეული 408 კლასი. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი.

"სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.4%-ს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის  პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები