დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური ვაქცინებით აცრილ მოქალაქეებს, რომლებსაც მოგზაურობისთვის "ფაიზერით" ვაქცინაცია სჭირდებათ, უკვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბუსტერ დოზაზე, 28 დღის შემდეგ კი გაიკეთონ "ფაიზერის" მეორე დოზაც.
თავად გამყრელიძემ, რომელიც 6 თვის წინ "სინოფარმით" აცრა, დღეს ბუსტერ დოზა სწორედ "ფაიზერით" გაიკეთა.
გამყრელიძე განმარტავს, რომ ბუსტერ დოზის გაკეთება ყველას შეუძლია მეორე ვაქცინის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ, ხოლო 60 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის ეს ვადა 3 თვემდეა
"უკვე გამივიდა 5.5 თვე, დღეს მოვედი ასაცრელად, ოღონდ დღეს უკვე "ფაიზერი" გავიკეთე, თუ თქვენ მიემგზავრებით იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება არ შეგიშვან [ჩინური ვაქცინით], მაგრამ ძალიან ბევრმა ქვეყანამ, თვითონ აშშ-მა უკვე აღიარა "სინოფარმი", "სინოვაკი" და უშვებს თავისუფლად... თუ, ვთქვათ, არის ეს წინააღმდეგობა, შეგიძლიათ აიცრათ "ფაიზერის" მესამე დოზით და 28 დღის შემდეგ გაიკეთოთ მეოთხე დოზა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ეპიდვითარება ქვეყანაში სერიოზულად არის გართულებული და პროცესს მხოლოდ ვაქცინაცია შეაკავებს. ქვეყანაში უკვე ამოქმედდა აცრების წამახალისებელი ღონისძიებები, რამაც, NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინაციის პროცესი "ოდნავ დაძრა" - ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს დილისთვის უკვე 7 ათასზე მეტი ვაქცინირებულია.