20 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ტორესა მოსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ დაკავებული მწერალი და "გირჩი მეტი თავისუფლებისათვის" წევრი, ვახტანგ მოსიაშვილი (ტორესა მოსი) სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლა. 

მოსამართლე თამარ კაპანაძემ დაკავებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა, ხოლო პროცესი 19 ნოემბრისთვის იმ მოტივით გადადო, რომ საქმე მოცულობითია. 

გათავისუფლების შემდეგ ტორესა მოსიმ განაცხადა,რომ მისი დაკავება უსაფუძვლო იყო და ამ ქმედებით პოლიტიკურ აქტივობას ჩამოაშორეს. 

მანამდე კი, სასამართლოს ეზოში შეკრებილმა მისმა მეგობრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და შენობის კიბეზე გალია დადგეს, რომელშიც მისი ავტორობით დაწერილი წიგნები მოათავსეს. ამ ფორმით მათ დაგმეს ტორესა მოსის დაკავება.

ცნობისთვის, მწერალი სამართალდამცავებმა ორი დღის წინ იმ დროს დააკავეს, როცა ის სუსის ადმინისტრაციის შენობასთან საკუთარი ავტომობილით მივიდა და შესასვლელის ბლოკირება სცადა. მას სამართალდამცველებმა რამდენჯერმე მოუწოდეს, რომ გაეთავისუფლებინა ტერიტორია, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი დააკავეს.

უწყებამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები