აჭარაში კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციაზე მოქალაქეთა მიმართვიანობა საკმაოდ გაზრდილია. პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც სოფლის ამბულატორიებში, ასევე ქალაქების თითქმის ყველა ჰოსპიტალურ დაწესებულებაში.
მოსახლეობას საშუალება აქვს არჩევანი Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის გააკეთოს. ექიმები მოქალაქეთა აქტიურობას ამ მიმართულებით ხელისუფლების ბოლო დროინდელ ინიციატივებს უკავშირებენ.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გია კიკაბიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
"ნოემბერში მოქალაქეთა აქტივობა გაიზარდა და ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სახელმწიფოს გადაწყვეტილებას მწვანე კოვიდ პასპორტის შესახებ, ასევე, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკვე ცნობენ საქართველოში აღებულ კოვიდპასპორტს და შეიძლება ეს კავშირში იყოს ე.წ. წამახალისებელ ფულად პრემიასთან, რომელიც დაწესებულია პენსიონერებისთვის," - ამბობს გია კიკაბიძე.