იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მთავრობა პატიმრობაში მყოფ მოშიმშილე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში (გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი) გადაყვანას სთავაზობს.
"სწორედ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტრუქციული პოლიტიკური ძალის წაქეზებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს: რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ის გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას,.პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე,"- აცხადებს ბრეგაძე.
მინისტრის თქმით, გორის ჰოსპიტალში გადასაყვანად მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მისმა მხარდამჭერებმა კი უარი თქვან, მისივე თქმით, დესტრუქციულ ქმედებებზე.
"რაც შეეხება გარანტიებს - ეს არის შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და, ასევე, ყოველგვარ პროვოკაციაზე უარის თქმა იქნება ეს სხვადასხვა სახის აქციები გორის ჰოსპიტალთან თუ რაიმე სხვა დესტრუქციული ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს როგორც ექიმების მუშაობას, ისე პატიმრის უსაფრთხოებას,"-აცხადებს მინისტრი.