77 წლის ცხენზე ამხედრებულ გულიადა სანოძეს ცხოვრების სადავეები კვლავ მტკიცედ უჭირავს. ასაკს მისი ცხოვრების ჩვეული რიტმი არ შეუცვლია - დღემდე ცხენი მისი ყოველდღიური თანამგზავრია.
მისი დღე დილაადრიან იწყება, საქმე არასდროს ელევა - გორდში, მამაპაპისეულ სახლს გულიადა სანოძემ ძველი სიცოცხლე დაუბრუნა. წარსულის მოგონებებით სავსე კერა კვლავ მასპინძლობს სტუმრებს, სახლის დიასახლისი კი ერთგულად აგრძელებს სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს.
მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული ის ადგილია, სადაც 60 წელია უცვლელად დგას. იყო დრო, როცა სცენამდე მისასვლელად 20 კილომეტრს ფეხით გადიოდა.
წლები გავიდა, მაგრამ გზის ბოლოს ისევ საყვარელი სცენა ელოდება - ხონის თეატრის მოქმედი არტისტი სამსახიობო ოსტატობას და სცენის სიყვარულს ახლა უკვე პატარებს უზიარებს.
სცენაზე არაერთი როლი უთამაშია, თუმცა ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი როლები თავად ცხოვრებამ არგუნა.
მისთვის ცხოვრება სცენას ჰგავს, სადაც წლები ერთმანეთს მისდევს, როლები იცვლება, მაგრამ მთავარი - სიცოცხლის სიყვარული - უცვლელი რჩება.
ავტორი: ანა გიუნტერი