15 ნოემბერი 2026,   22:14
ვრცლად
გლობალური ვაჭრობის ახალი მარშრუტები და საქართველო - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც ორ ქვეყანას აკავშირებს

საუკუნეების წინ, საქართველოს გავლით, ჩინური აბრეშუმი გადაჰქონდათ. 6 ნოემბერს საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა. ამ ორ ამბავს შორის საუკუნეებია, თუმცა მათ დამაკავშირებელ ხაზს რუკაზე ვიპოვით. ხან ჭენგის ვიზიტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ადგილი პეკინის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებში.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი უწოდა. ამ რანგის ჩინელი მაღალჩინოსანი საქართველოს პირველად ეწვია. თბილისში ვიზიტისას გაკეთებულ გზავნილებში ერთმანეთთან გადაიკვეთა სამი მთავარი საკითხი: სუვერენიტეტი, ვაჭრობა და შუა დერეფანი.

საქართველოს მდებარეობა დღეს ახალი შესაძლებლობაა. შესაძლებლობა, რომლის გამოყენებაზეც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური წონა იქნება დამოკიდებული.

აბრეშუმის გზა ერთი კონკრეტული მაგისტრალი არ ყოფილა. ეს იყო მარშრუტების ქსელი, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებდა. ომები, უსაფრთხოების საკითხები და სავაჭრო ინტერესები ამ მარშრუტების მიმართულებას ცვლიდა. ერთ-ერთი ასეთი განშტოება თბილისზეც გადიოდა. ჩინური და ცენტრალური აზიის აბრეშუმი აქედან შავი და ხმელთაშუა ზღვების ქვეყნებამდე აღწევდა. ვაჭრებს სჭირდებოდათ ქარვასლა, საწყობი, ხელოსანი, საკვები. მიმოსვლა ქალაქს აცოცხლებდა. საქონელს თან ცოდნა და უცხო კულტურების გამოცდილებაც მოჰყვებოდა. გზაზე მდებარეობას ფასი მაშინ ჰქონდა, როდესაც ამ გზით ადგილობრივებიც სარგებლობდნენ. საუკუნეების შემდეგ საქართველოს წინაშე იგივე ამოცანა დგას: მსოფლიო ვაჭრობის მოძრაობა საკუთარი განვითარების შესაძლებლობად აქციოს.

აბრეშუმის გზის აღდგენის შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ 1990 წელს საუბრობდა ედუარდ შევარდნაძე, იმ დროს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოგვიანებით კი - საქართველოს პრეზიდენტი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს იდეა საქართველოსთვის საერთაშორისო სატრანზიტო და ეკონომიკური ფუნქციის საფუძვლად იქცა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების - ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის ერთობლივი ინიციატივით, 1998 წელს ბაქოში ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მას მრავალმხრივი სატრანსპორტო შეთანხმების გაფორმება მოჰყვა. მას შემდეგ საქართველომ ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლი შეიძინა. დღეს მთავარი ამოცანა ამ როლის გაძლიერება და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებაა. სწორედ ამ საკითხებს შეეხო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან გამართული ოფიციალური შეხვედრებიც.

შუა დერეფანი - ამ სახელის უკან რამდენიმე სახელმწიფო, ზღვა, რკინიგზა, პორტები და დიდი ეკონომიკური ინტერესებია. ხან ჭენგის ვიზიტისას, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ამ მარშრუტის პოტენციალი შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა იყო.

ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია, სად გაივლის ტვირთი, რამდენ ხანში მიაღწევს დანიშნულების ადგილს და რამდენად საიმედო იქნება მარშრუტი. საქართველოსთვის კი მთავარი საკითხია, რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ამ დერეფნის განვითარება.

გადამზიდავები მარშრუტს ხარჯის, დროისა და საიმედოობის მიხედვით ირჩევენ. საქართველოს ამოცანაა, მის ტერიტორიაზე გამავალი ტვირთბრუნვა გრძელვადიან ეკონომიკურ ინტერესად აქციოს და ტრანზიტით მიღებული სარგებელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოახმაროს.

მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული. წელს ხელი მოეწერა შეთანხმების განახლების ოქმსაც. ეს ქართველი მწარმოებლისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა: დამკვიდრდეს ბაზარზე, რომლის მასშტაბიც საქართველოს შიდა მოთხოვნას მრავალჯერ აღემატება.

საქართველოსთვის ურთიერთობის კიდევ ერთი, განსაკუთრებული საზომი არსებობს. ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უმნიშვნელოვანესია, რას ამბობს მის სუვერენიტეტზე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. ხან ჭენგმა საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

თბილისისთვის ამ პოზიციას განსაკუთრებული პოლიტიკური წონა აქვს. ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, პარტნიორობის საფუძველს სახელმწიფოებრივი ინტერესების მხარდაჭერაც ქმნის.

ჩინეთთან ურთიერთობის მასშტაბის გასაგებად, დასავლეთის მოქმედებებსაც უნდა დავაკვირდეთ. ბრიუსელი პეკინს პარტნიორადაც განიხილავს, კონკურენტადაც და სისტემურ მეტოქედაც. ამავე დროს, აგრძელებს მოლაპარაკებებს და ევროპული კომპანიებისთვის ჩინურ ბაზარზე უკეთეს პირობებს ეძებს. სტრატეგიული კონკურენციის მიუხედავად, ჩინეთთან სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებებზე შეერთებული შტატებიც მუშაობს. დიდი ეკონომიკები პეკინთან საკუთარ ინტერესებზე ვაჭრობენ. საქართველოს ამ პროცესში უკვე აქვს მნიშვნელოვანი საფუძველი: ის დანიშნულების ადგილზე სხვებზე ადრე მივიდა.

თბილისში ვიზიტს გაგრძელება ჩინეთში მოჰყვა. ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მიწვევით, ქვეყანაში "ქართული ოცნების" დელეგაცია ჩავიდა. მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დაგეგმეს. "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მომავალი წლის მსოფლიო ახალგაზრდული განვითარების ფორუმზე მიწვევა მიიღო.

გზები ქვეყნებსა და კონტინენტებს აკავშირებს. საქართველოს ისტორიულად სწორედ ასეთი გზის ნაწილი იყო. დღეს კი მისი მთავარი ამოცანაა, ეს გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ უპირატესობად და ეკონომიკურ სარგებლად აქციოს.

აბრეშუმის გზა საქართველოსთვის მხოლოდ წარსულის ისტორია არ არის. ეს არის შესაძლებლობა, კვლავ შეასრულოს საკვანძო ფუნქცია აზიისა და ევროპის დაკავშირებაში და ქვეყნის განვითარებასაც შეუწყოს ხელი.

დღის ამბები