15 ნოემბერი 2026,   22:14
ვრცლად
უფსკრულის თავზე მოწყობილი 300-მეტრიანი თაღი, რომელიც ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის ყველაზე რთული ამოცანა იყო, შესრულებულია - საუკუნის პროექტად შეფასებული ხიდი, როგორც საქართველოს სავიზიტო ბარათი

კავკასიონის მთებში, მკაცრ ბუნებასთან ჭიდილი რთული პროცესია, თუმცა საუკუნის პროექტისთვის ნამდვილად ღირს. კობი-ქვეშეთის 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობის ყველაზე რთული ამოცანა შესრულებულია - უფსკრულის თავზე 300-მეტრიანი თაღი მოეწყო, სანამ მასზე ხიდი გაიდება, ეს არქიტექტურული ნაგებობა, ხადის ხეობის მთავარ სანახაობად უკვე იქცა.

მშენებლებმა ბეწვის ხიდზე იარეს. უფსკრულის თავზე თითქმის 2 წელი გაატარეს - ორ მთას შორის საუკუნოვანი კავშირის დასამყარებლად.

თაღოვანი კონსტრუქცია დატვირთვას საყრდენებზე ანაწილებს. სიზუსტე გადამწყვეტია. ხიდს, რომელიც როგორც ამბობენ, საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება, 22 ბურჯი გაამაგრებს.

ლანდშაფტთან დაკავშირებული მთავარი სირთულეები დაძლეულია.

თანამედროვე არქიტექტურა ურთულესი საინჟინრო გათვლებით - 6 ახალი ხიდი, ხუთი გვირაბი - ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობას, რომელიც 1 მილიარდ 200 მილიონი ლარის ღირებულების არის, დიდწილად აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტს ჩინური კომპანია აშენებს. მიმდინარე სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი რამდენიმე დღის წინ, ადგილზე გაეცნო.

შთამბეჭდავი სანახაობით გამორჩეული ხადის ხეობა ისტორიული სოფლებით და ნაგებობებით გამოირჩევა. ამ სოფლების რეაბილიტაციაც დაგეგმილია.

ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, მთის სიღრმეში, რეგიონში ყველაზე დიდი - 9-კილომეტრიანი გვირაბი საინჟინრო გამოწვევების თანხლებით გათხარეს. 2021 წელს, უნიკალური დანადგარის სამშენებლო ადგილამდე მიტანა ცალკე მასშტაბური ლოგისტიკური ოპერაცია იყო.

გიგანტური მანქანა TBM-ის ნაწილები ფოთის პორტიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში უნდა გადაეტანათ. ტრანსპორტირების მარშრუტი ჯვრის უღელტეხილზე გადიოდა. რვამეტრიანი გაბარიტის ნაწილები გუდაურთან არსებულ ზვავსაწინააღმდეგო გალერეაში ვერ გაივლიდა, ამიტომ საჭირო გახდა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებისა და მარშრუტის შერჩევა...

გიგანტურმა მანქანამ წარმატებთ იმუშავა. ერთდროულად შეძლო ქანის ბურღვა და გვირაბის კედლების რკინაბეტონით მოპირკეთება.

რეგიონში ყველაზე გრძელ გვირაბს გვერდით, სათადარიგო მიწისქვეშა საევაკუაციო გასასვლელი მიუყვება. ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში, მგზავრების გადაადგილების უსაფრთხო შესაძლებლობით.

საინჟინრო წარმატებასთან ერთად, კობი-ქვეშეთის პროექტის მთავარი სიკეთე ზვავსაშიშ მთაში საიმედო და უსაფრთხო გადაადგილებაა.

დღის ამბები