მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შიმშილობას გადაყვანისთანავე შეწყვეტს - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღესვე ღამით გადაიყვანენ, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ზუსტ დროს არ ასახელებენ.
მან მედიის გარდა დანარჩენ საზოგადოებას, რომლებიც მობილიზებული არიან გლდანის მე-18 დაწესებულებასთან, სთხოვა, მაქსიმალურად შეეცადონ, ტერიტორიაზე არ იყოს ხალხმრავლობა, რადგან რეანომობილი ფიზიკურად ვერ გამოვა დაწესებულებიდან.
"მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შემდეგია: იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე.
ჩვენთვის ეს ჰოსპიტალი უცნობია მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიერ აშენებულია და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია, რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ ალბათ მაღალკვალიფიციური ექიმებიც არიან, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ დაზუსტებით სპეციალისტებისგან, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და ე.წ. რეფიდინგის პროტოკოლი, ანუ შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიშები, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველა კონსილიუმის, რაც კი აქამდე შექმნილა: სახელმწიფოს მიერ შექმნილი, მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფი და ასევე ნინო ლომჯარიას საექსპერტო ჯგუფი, ყველა მათგანის მონაწილეობით. იმედი მაქვს, რომ მათი თანხმობაც იქნება ამასთან დაკავშირებით.
მოკლედ რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში, და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია დავადგინოთ ზუსტად მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად და წინასწარ გაწერილი პროტოკოლით, ასევე იყოს ანგარიშები ყოველდღიურად კონკრეტული სპეციალისტებისთვის, გარე სპეციალისტებისთვის და არა მხოლოდ ამ კლინიკის ექიმების მონაწილეობით მოხდეს ეს და არა მხოლოდ ამ კლინიკის ექიმებს ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომა.
მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, ზუსტ დროს არ ვამბობ, ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები.
ძალიან მინდა ვთხოვო მედიის გარდა დანარჩენს, ვინც აქ იმყოფება, რომ შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით იმიტომ, რომ უბრალოდ არ გამოვა დაწესებულებიდან რეანომობილი თუ აქ იქნება ხალხმრავლობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ბუნებრივია მედიას არ ეხება.
რაც შეეხება დასწრებას, ჩვენ ვერ მოვითხოვთ ბუნებრივია რეანომობილში ჯდომას, ეს შეუძლებელია და დასაშვებიც არ არის, მაგრამ მისი პირადი ექიმი, ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა აქ, დარჩებიან მასთან ვიდრე გადაიყვანენ და შემდეგ ჩვენ წავალთ გორში და მოვახდენთ ინსპექტირებას მისი გადაყვანის, რომ დარწმუნებული ვიყოთ იგივე არ მოხდა, რაც წინა ჯერზე; ასევე, მის დაბინავებას პალატაში და ამის შემდეგ დავტოვებთ გორს," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.