26 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
ოპოზიციაში ონლაინ კაზინოების შეზღუდვის ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა პოპულისტური ნაბიჯად მიიჩნევენ

ონლაინ კაზინოების შეზღუდვის ინიციატივას დადებითად აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში. მათი განმარტებით, აუცილებელია ამ საკითხზე რეგულაციების გამკაცრება, თუმცა ინიციატივის ავტორს აკრიტიკებენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრემიერის მხრიდან ეს არის პოპულისტური ნაბიჯი ხალხის გულის მოსაგებად, რადგან ზომების გამკაცრება ბევრად ადრე იყო საჭირო.

"რეკლამა უნდა იყოს აკრძალული ონლაინ კაზინოების და წახალისება არ მოხდეს აზარტულ თამაშებში ჩვენი მოსახლეობის ჩართვის. რა თქმა უნდა, ამას ვიზიარებთ და ვაცხადებდით კიდეც. რაც შეეხება დანარჩენ ინიციატივებს - იქნება ეს ასაკობრივი ზღვარი, გადასახადების გაზრდა, ალტერნატივები რეალურად არსებობს და ამ დროს ასეთი ინიციატივა უფრო პოპულისტურ განწყობას ტოვებს, ვიდრე რეალურად პრობლემის მოგვარებას," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, მეტი რეგულირება საჭიროა ამ მიმართულებით, ვინაიდან ბაზრის ეს სეგმენტი დაურეგულირებელია. მისი თქმით, ამ მიმართულებით სწორი და გონივრული რეგულაციებია საჭირო.

რაც შეეხება პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარეს, ანა დოლიძე შეზღუდვების გამკაცრების შემდეგ აზარტული თამაშების სრულიად აკრძალვის მომხრეა.

"საბოლოო ამოცანა აღნიშნული თამაშების აკრძალვა უნდა იყოს, მანამდე კი საჭიროა რამდენიმე საფეხურიანი გეგმა - სადაც არის კონტროლის გამკაცრება, ასაკის აწევა, ბარიერის დაწესება იმ თანხის წაგებისთვის, რომელიც ხელზე არ გაქვს, გარკვეული თანხის საფეხურების დაწესება," - განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სათამაშო ბიზნესთან და ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გაიზრდება გადასახადი, აიკრძალება რეკლამა და აიწევა ბარიერი, შემდეგი ეტაპი კი მათი საერთოდ აკრძალვაა.

დღის ამბები