20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
COVID საშვით გადაადგილების პირველი დღე საქართველოში - როგორ ისარგებლა მოსახლეობამ მწვანე საშვით და როგორ შეხვდა ახალ რეგულაციას ბიზნესსექტორი

ახალი რეგულაციები დილის 10 საათიდან სავაჭრო ცენტრებში ამოქმედდა. კვების ობიექტებში, კინოთეატრებში და გასართობი სივრცეებში, ამიერიდან მხოლოდ "მწვანე პასპორტით" არის შესაძლებელი შესვლა. სიახლეს თბილისელების ნაწილი დადებითად, ნაწილი კი სკეპტიკურად უყურებს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, რესტორნებისა და კვების სხვა ობიექტების სამუშაო საათები შეზღუდული აღარ იქნება. ეს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მომხმარებელთან ერთად პასუხისმგებლობა ობიექტების პერსონალმაც უნდა გადაინაწილოს, რაც თავის მხრივ მეტი შეზღუდვებისგან გათავისუფლებას შეუწყობს ხელს.

"მწვანე პასპორტის" კონტროლი რესტორნებთან ერთად, ფიტნეს დარბაზებსაც ევალებათ. ამ სეგმენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიახლე მათი ბიზნესის განვითარებაში პოზიტიურ როლს ითამაშებს.

ბიზნესი, რომლის თანამშრომელთა 80% აცრილი იქნება, შეღავათებით ისარგებლებს. მათ კი, ვინც კანონის იგნორირებას დააპირებს, მკაცრი სასჯელი ელის. პირობა დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ დადო.

რამდენად ეფექტური იარაღია "მწვანე პასპორტი" კოვიდთან ბრძოლაში? - თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსზე იმუნიტეტი ადამიანს მხოლოდ 6 თვის განმავლობაში აქვს, შესაბამისად პასპორტით სარგებლობის თანაბარი უფლება ყველას არ უნდა ჰქონდეს. თენგიზ ცერცვაძეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა. თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, რომ ახალ რეგულაციაში უახლოეს პერიოდში ცვლილებები შევიდეს.

"მწვანე პასპორტი" ძალაში დღეს შევიდა. მისი მიღება მოქალაქეს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ არის სრულად ვაქცინირებული, გადატანილი აქვს COVID-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე, ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი. პასპორტის აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია სმარტფონში. დოკუმენტს გასცემს იუსტიციის სახლიც.

დღის ამბები