ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს ვერც ბათუმის საკრებულოში - უმრავლესობა აქ არავის აქვს, "ოცნების" და "ნაციონალების" ხმები თანაბრად არის გაყოფილი. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში პარტია "საქართველოსთვის" პოზიციაა, თუმცა გიორგი გახარიას გუნდის წევრები სხდომას საერთოდ არ დაესწრნენ.
ბათუმის საკრებულოს სხდომა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. ოპოზიციაც დარბაზში იყო მანამ, სანამ სამანდატო კომისიამ 2021 წლის საკრებულოს ლეგიტიმაცია ოფიციალურად ცნო/ უფლებამოსილების ცნობის შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განცხადების გაკეთების უფლება ითხოვეს. მათ თქვეს, რომ არ ითანამშრომლებენ ამ ფორმირების საკრებულოსთან და არ ექნება ბათუმის საკრებულოს ქვორუმი.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასევე გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძეზეც ისაუბრეს. ფაქტს გამოეხმაურა ნუგზარ ფუტკარაძის დაც, რომელიც ამავე მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატია.
ნაზი ფუტკარაძემ მისი ძმის გარდაცვალებაში მმართველი გუნდი დაადანაშაულა. მან თქვა, რომ სწორედ შანტაჟი, მუქარა და ზეწოლა გახდა მისი ძმის გარდაცვალების მიზეზი.
"ჩემს ძმას უნდა წაეყვანა დღევანდელი სხდომა და უმძიმესი იყო დღეს ჩემთვის ამ სხდომაზე დასწრება და ნაბიჯის გადმოდგმა. მაგრამ, დიდი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა.
ვტოვებ სხდომას, ვადაგასული საკრებულოთი დამტკიცებული ბიუჯეტით და გაყალბებით მოსული საკრებულო ვერ გააგრძელებს ბათუმში ფუნქციონირებას.
ჩემი ძმის უფლებამოსილება შეწყდა იმიტომ, რომ მიიღეს ცნობად გარდაცვალება. ეს არ იყო გარდაცვალება. ეს იყო მის ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა, ზეწოლა, მოსყიდვის მცდელობა, დაშინება, რამაც ჩემი ძმის სიცოცხლე მოსპო. ვითხოვ ობიექტურ გამოძიებას," - განაცხადა ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნაზი ფუტკარაძემ.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლის ნატალია ზოიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა, ახალი მოწვევის საკრებულოს ლეგიტიმაცია მოხდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მაინც არ დაესწრნენ ჩვენი ოპონენტები დღევანდელ სხდომას, მთავარი ფაქტი მაინც დღეს შედგა. ლეგიტიმაცია ახალი მოწვევის საკრებულოსი მოხდა. უფლებამოსილების ცნობად თითოეული საკრებულოს წევრის, ვინც სამანდატო კომისიამ წარმოადგინა მიღებული იქნა. შესაბამისად, ახალი მოწვევის საკრებულოს ფუნქციონირების ლეგიტიმაცია სახეზეა. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ბუნებრივია იქ უკვე კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ," - განაცხადა ზოიძემ.