20 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
15 წლის ბიჭის მკვლელობა - დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული მოზარდი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, ამ წუთებში, სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ.

2 მოზარდს ბრალს ოფიციალურად დღესვე გააცნობენ. "კურიერი" ცოტა ხნის წინ ესაუბრა დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული მოზარდის ინტერესების დამცველს. დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული მოზარდი აღიარებს, რომ მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და აპირებს, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს ინფორმაცია სამართალდამცველებს. 

"ჯერჯერობით, ბრალდების დადგენილება წარდგენილი არ არის, თუმცა უშუალოდ ფაქტებს რაც შეეხება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს, რომ იყო შემთხვევის ადგილზე. როდესაც პოლიციაში დაიბარეს, მივიდა და მოხდა შემდგომ მისი დაკავება. ჩვენ მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს განცხადებით, რომ გვსურს ჩვენების მიცემა და ითანამშრომლებს გამოძიებასთან," - აცხადებს ადვოკატი ამირან ხუციშვილი.

რაც შეეხება კონკრეტულად განზრახ მკველელობისთვის დაკავებულ მოზარდს, ის კვლავ  თავის პოზიციაზე რჩება არ აღიარებს დანაშაულს და იყენებს დუმილის უფლებას. როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, დაზიანებები აღენიშნება თავად ამ მოზარდსაც

"სამედიცინო შემოწმება მოახდინა ექსპერტმა, ექსპერტი შეაფასებს დაზიანების კვალს, წარმომავლობას და შემდგომ უკვე დასკვნაში ასახავს. არ აღიარებს განზრახ მკვლელობას და იგივე პოზიცია აქვს, რაც გუშინ," განაცხადა მისმა უფლებადამცველმა გოგა ბოგვერაძემ

წინასწარი მოთავსების იზოლატორში სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებულია. დაკავებულ არასრულწლოვნებს ბრალს 16:00 საათზე წარუდგენენ.

დღის ამბები