20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"ხაზარაძე ცდილობდა სასამართლო პროცესი ქუჩურ გარჩევას დამსგავსებოდა" - კამათი თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა გრძელდება. გამოძიების კითხვებს თავად მამუკა ხაზარაძემ უპასუხა- პროცესი კამათის ფონზე წარიმართა.

პარტია "ლელოს" ლიდერმა ჩვენება დაიწყო 2007-ი წლის გახსენებით, როდესაც მისი თქმით, "თბს ბანკი" მილიონობით ინვესტიციებს იზიდავდა, მათ კი ლიცენზიასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა პრობლემები შეუქმნა.

მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეუთვალეს, რომ ბანკი გაეყიდათ,ამის შემდეგ კი პერიოდულად პრობლემები ექმნებოდათ. 

"ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და შეკერილი საქმე. ეს ემსახურებოდა ანაკლიის პროექტის ჩაგდებას. ანაკლია ჩააგდეს, ეს არის ჩემი და ბადრი ჯაფარიძის დევნა, მთელი ეს პროცესი ემსახურებოდა ჩვენს დისკრედიტაციას,"- აცხადებს ხაზარაძე. 

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე ცდილობდა სასამართლო პროცესი ქუჩურ გარჩევას დამსგავსებოდა. 

"ეს იყო ქუჩური გამოსვლა, რაც ახლა გააკეთა. ჩემს არცერთ შეკითხვაში არ ყოფილა არც ისეთი ინტონაციები და არც ისეთი ტონი. ყველა კითხვა რაც იყო კრიტიკული მას პასუხი არ ჰქონდა, პასუხების არ ქონის შემდეგ გადმოდიოდა თავდასხმაზე. გამოძიების პროცესში აცხადებდა, რომ დავალიანება ჰქონდა ავთანდილ წერეთლის მიმართ დღეს კი შეცვლა ჩვენება და განაცხადა, რომ ეს სესხი უკვე გადახდილი აქვს,"- აცხადებს არჩილ ტყეშელაშვილი. 

დღის ამბები