"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლო გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებენ.
"მოსამართლემ მოახერხა და გაგვაოცა, რადგან ძალიან მტკიცე არგუმენტები გვქონდა, ჩვენებები პროკურატურიდან, რომელთაც გამოიძიეს ეს საქმე, ფაქტობრივად იქ დადასტურებულია და ჩანს ყველაფერი ნათლად, რა მოხდა, როგორ მოხდა, როგორ წაიღეს და იძულებით. აქედან გამომდინარე მოლოდინი იყო ყველაფერი იმის გარდა, რომ მოსამართლე გვეტყოდა - არ გვაინტერესებს, თქვენ რა მტკიცებულებები გაქვთ, ქიბარ ხალვაში არის კეთილსინდისიერი შემძენი და მორჩა," - განაცხადა დავით დვალმა.
მოქმედი დირექტორი პაატა სალია კი საუბრობს იმ გარემოებებზე, რის საფუძველზეც სასამართლომ ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია. მთავარი არგუმენტი ხანდაზმულობაა, ამასთან პაატა სალია ამბობს, რომ არ არსებობდა ფაქტები, რაც წილების ზეწოლის შედეგად დათმობას დაამტკიცებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2" კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ მოსარჩელე მხარის - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა.
"რუსთავი2-ის" 60%-იანი წილის დაბრუნებაზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, დაახლოებით, 2 წლის წინ შეიტანეს. აღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარე ქიბარ ხალვაში იყო. მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა "რუსთავი-2-ს". ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2-ს" ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.