95 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე პროგრამა, რომელთან სრული წვდომაც დღეიდან უკვე ქართველ მეცნიერებსა და ინოვატორებსაც ექნებათ. "horizon europe"-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლებენ.
ასოცირების საერთაშორისო შეთანხმება გაფორმებულია. დოკუმენტს ბრიუსელში მოეწერა ხელი.
ამიერიდან"horizon europe"-ის პროგრამის კონკურსებში ქართველი მეცნიერები ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენლების ანალოგიური პირობებითა და უფლებებით ისარგებლებენ. მათ შეეძლებათ უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები.
განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, 95 მილიარდიან პროგრამაზე სრული წვდომა ქართველი მეცნიერებისთვის განვითარების დამატებითი შესაძლებლობა, ხოლო საქართველოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე მეტი წარმატების წინაპირობაა.
საქართველოში უახლოეს მომავალში "horizon europe"-ის ეროვნული ოფისიც გაიხსნება, რომლის ფუნქციაც ევროკავშირსა და ქართველ მეცნიერებს შორის, მედიაცია და ერთობლივი მუშაობის უზრუნველყოფა იქნება.
განათლების კომიტეტში დარწმუნებული არიან, რომ ახალი შესაძლებლობა ევროკავშირთან დაახლოების კიდევ ერთი გზაა.
დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნაც, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს და მისი ფუნქცია დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის გაცვლის გარდა, საპროექტო განაცხადის მომზადებაში დახმარება იქნება.