"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, 2020 წელს, არხის ახალმა მენეჯმენტმა ფაქტობრივად ჩამქრალი ტელევიზიის ხელახლა ამუშავება და ჩართვა შეძლო.
"მოვიძიეთ და აღმოჩნდა, რომ ანგარიში ფაქტობრივად ცარიელი იყო, 1 თეთრიც კი არ იდო. სალაროში თანხა არ იყო, ბიუჯეტის მილიონობით დავალიანება და კრედიტორების დავალიანება იყო. ასევე მნიშვნელოვანია რასაც დღეს პროკურატურა ედავება ნიკა გვარამიას, ეს არის ის, რომ 2015 წლის გარიგებებმა ეჭვები გააჩინა.
2015 წელს, ჩვენ რომ დავიწყეთ დავა სასამართლოში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშის სარჩელი დაკმაყოფილდა და გამოვთქვით ვარაუდი გადაწყვეტილების უზრუნველყოფისა და დროებითი მმართველის დანიშვნის თაობაზე, რომ შესაძლოა იმდროინდელმა მენეჯმენტმა ისეთი გარიგებები დადოს კომპანიის სახელით, რომ მას ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობა და ვალდებულებები ექნებოდა. სწორედ ასეთი კომპანია დაგვხვდა ჩვენ. როდესაც 2014 წელს შევადარეთ 2015 წლის ბოლო კვარტალი, გამოჩნდა, რომ რამდენიმე მილიონით ნაკლები იყო შემოსავალი, ვიდრე წინა წელს. 2014-დან 2019 წლამდე, ორი დიდი ტელევიზია - "იმედი" და "რუსთავი 2" ეჯიბრებოდნენ პირველობისთვის ერთმანეთს და მათ სატელევიზიო ბაზრის 50%-ზე მეტი ეჭირათ, შესაბამისად, სარეკლამო ბაზრის ლომის წილი, მათ მოჰქონდათ. 2020 წელს კი, მას შემდეგ, რაც იყო მცდელობა რომ ეს კომპანია დაენგრიათ, ჩვენ ფაქტობრივად ჩამქრალი ტელევიზიის ხელახლა ამუშავება და ჩართვა შევძელით. "კურიერი" 1 თვეზე დიდხანს არ გასულა ეთერში. ამ ყველაფერმა კი გავლენა მოახდინა კომპანიაზე და მოხდა ის, რომ ერთი კომპანიის ადგილას რამდენიმე გაჩნდა,"- განაცხადა პაატა სალიამ.