02 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
გადაერქვას სახელი "რუსეთი" და ეწოდოს "მოსკოვია" - ლვოვის საოლქო საბჭოს დეპუტატები ამბობენ, რომ სახელწოდება "რუს" უკრაინას ეწოდებოდა

ლვოვის საოლქო საბჭოში ფრაქცია "სამოპომიჩმა" განსახილველად წარადგინა ინიციატივა, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტსა და უმაღლეს რადას ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და რუსეთის ფედერაციის "მოსკოვიად" გადარქმევის მოთხოვნით უნდა მიმართონ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

შესაბამისი პროექტის დღის წესრიგში შეტანას საბჭოს 59 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მიმართვის პროექტში ნათქვამია, რომ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლელი მეზობელი, რომელიც გამუდმებით ხელყოფს მათ ტერიტორიას, უკანონოდ იყენებს სახელმწიფო და გეოგრაფიულ დასახელებას რუსეთი. დოკუმენტის ავტორის თქმით, შვედეთთან გამარჯვების და "ნიშტადის ხელშეკრულების" დადების შემდეგ 1721 წლის 22 ოქტომბერს , პეტრე I-მა გადაარქვა მოსკოვის სამეფოს სახელი, უწოდა რუსეთი და თავი იმპერატორად გამოაცხადა.

"თავდაპირველი სახელწოდება "რუს" გამოიყენებოდა მხოლოდ დღევანდელი ცენტრალური უკრაინისთვის, ეს ჩვენი სახელმწიფოს ბერძნული დასახელებაა იმ დროისთვის, "მოსკოვიამ" კი ის თავისთვის მოიპარა."

ასევე მიმართვის პროექტში ნათქვამია, რომ მოსკოვის სამეფოს სახელის შეცვლა იყო უკრაინელი ხალხის იდენტობისთვის სერიოზული გამოწვევა და ასევე უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის გამართლება.

"ჩვენ, ლვოვის საოლქო საბჭოს დეპუტატები, მივმართავთ უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინის უმაღლეს რადას ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა  და მომავალში რუსეთისა და რუსეთის ფედერაციის სახელების ნაცვლად ისტორიული სახელის მოსკოვიას გამოყენების მოთხოვნით  უკრაინის ტერიტორიაზე სახელმწიფო, ოფიციალურ და საჯარო დონეზე, ასევე მასმედიაში. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან მიმართებაში, შესაბამისად, გამოყენებული იქნება სახელწოდება "მოსკოვიტები"," - ნათქვამია დოკუმენტში.

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა დღის წესრიგში წარმატებით შეიტანეს, მას მხარი მხოლოდ 26 დეპუტატმა დაუჭირა და ინიციატივა არ გავიდა.

დღის ამბები