24 აპრილი 2024,   01:12
ვრცლად
ტაქსის მძღოლებს "ქურდულ საერთოში" გამომუშავებული თანხის ნახევარს არიცხინებდნენ - შსს-მ 9 პირი დააკავა

დღეს ჩატარებული სპეცოპერაციების თაობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ბრიფინგზე განმარტეს, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდთან და მისი და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ტაქსის მძღოლებს ფულს სძალავდნენ.

კერძოდ, ბრიფინგზე განიმარტა, რომ დაკავებულები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე თვითდასაქმებულ ტაქსის მძღოლებს შემოსავლის ნახევრის "ქურდულ საერთოში" შეტანას აიძულებდნენ.

"ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 9 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები საზღვარგარეთ მყოფი ქართველი კანონიერი ქურდის დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მისაღებად, 2021 წლის მაისიდან ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე, თვითდასაქმებული კერძო ტაქსის მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას. ბრალდებულები უზრუნველყოფდნენ, რომ თვითდასაქმებული კერძო ტაქსის მძღოლებს ე.წ. ქურდულ საერთოში მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი შეეტანათ, რის სანაცვლოდაც აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას აძლევდნენ. აღნიშნულზე სისტემატურ კონტროლს ახორციელებდნენ მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ქურდული სამყაროს მხარდამჭერების მეშვეობით. იმ კერძო ტაქსის მძღოლებს, რომლებიც არ ერთვებოდნენ ამ დანაშაულებრივ სქემაში და უარს ამბობდნენ თანხის გადახდაზე, დაშინებისა და მუქარის გზით უკრძალავდნენ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობას. ეს ქმედება კი ტაქსის მომსახურების საფასურის ხელოვნურ ზრდას იწვევდა,"-განაცხადეს სპეციალურ ბრიფინგზე. 

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ნივთმტკიცების სახით, ბრალდებულების სახლებიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები. საქმე აღძრულია სს კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით და დაკავებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები