უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს ასობით მოქალაქე საკუთარ ოქროულობას ბანკსა და ლომბარდს შორის ეძებს. გამოძიება ჯერჯერობით დუმს. დირექტორი კი, რომელმაც კერძო პირების ძვირფასი ნივთები ბანკს ჩაუდო ფულით რუსეთშია გაქცეული.
ბანკს ძვირფასი ნივთები ჩადებული აქვს როგორც ლომბარდის კუთვნილი ქონება, თუმცა ნებისმიერმა მოქალაქემ იცის, რომ ლომბარდი არის დაწესებულება, რომელიც სესხს მოძრავი ქონების დაგირავებით გასცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ გირაოთი დატვირთული ძვირფასი ნივთები ლომბარდის საკუთრება არ იყო. საგულისხმოა, რომ დადებულ ხელშეკრულებას არცერთი მხარე არ ასაჯაროებს.
პროტესტი გრძელდება "საქართველოს ბანკის" ფილიალთან, სადაც ლომბარდმა მომხმარებლები გადაამისამართა. დაზარალებულები ითხოვენ ხელშეკრულებას, რომელიც ბანკსა და ლომბარდს შორის გაფორმდა. მოქალაქეებმა ვერ გაარკვიეს საფუძველი, რის გამოც ბანკმა დავალიანება გაუზარდათ. არიან ისეთებიც, ვისაც "კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, ბანკმა დაგირავებულ ოქროზე ლომბარდში დადებული ხელშეკრულებები უცვლელად დაუტოვა.
"საქართველოს ბანკი" სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად იხსნის. "კურიერს" ბანკის პრესსამსახურში განუმარტეს, რომ "ემ ფინანსი" მათი მოვალეა და ლომბარდმა უზრუნველყოფის მიზნით ბანკში ოქროულობა ჩაიდო, რომელიც ლომბარდის წარმომადგენელმა მის საკუთრებად დააფიქსირა. შესაბამისად, ბანკის მხრიდან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
ვის პასუხისმგებლობას დააყენებს საქმეზე მიმდინარე გამოძიება უცნობია. საგამოძიებო მოქმედებების დეტალებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.