ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
ადგილზე იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია.
"მთავარია არის, რომ ძალიან მალე ამ შენობის კორიდორებში საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, ჟურნალისტები, მედიამფლობელები, პოლიტიკოსები არ იყვნენ დაბარებულები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან ოპოზიციურად განწყობილები. ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა შესასრულებელი, რასაც აუცილებლად შევასრულებთ," - ამბობს ნიკა მელია.
პოლიტიკური გაერთიანების ”ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, გიგი უგულავა, რომელიც საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება, აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
"საერთაშორისო ნეიტრალურმა ექსპერტებმა, სახალხო დამცველმა, ყველა ოდნავ პატივსაცემმა იურისტმა გამოთქვა აზრი, რომ ის რასაც პროკურატურა ედავება ამ ადამიანებს, არის თითიდან გამოწოვილი და არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან," - ამბობს გიგი უგულავა.