შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო საშტაბო კოლეჯის მსმენელი უფროსი ოფიცრები ეწვივნენ.
უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სტუმრებს თავიანთი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
"განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე რამდენიმე საჩვენებელი სწავლება განხორციელდა, კერძოდ: ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა დეკონტამინაციის პროცესი წარმოადგინეს, სამთო მაშველებმა სამთო კედლის დახმარებით სხვადასხვა სავარჯიშო შეასრულეს, შსს-ს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს თანამშრომლებმა ურბანული ხანძრების დროს მოქმედების დემონსტრირება განახორციელეს, ხოლო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული მანქანის ქრობის ამოცანები შეასრულეს. დღესვე სამაშველო ბატუტის შესაძლებლობების ჩვენებაც მოეწყო.
საჩვენებელი ღონისძიება მაშველი ძაღლის მიერ სამაშველო ოპერაციის დემონსტრირებით დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის ძალების ოფიცრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აღჭურვილობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნიკა დაათვალიერეს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.