20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმოშობის ხორცი - კახეთის მასშტაბით 14 ობიექტს საწარმო პროცესი შეუჩერდა

გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, რომლის რეალიზაციაც წარმომავლობისა და ვარგისიანობის განმსაზღვრელი ნიშნის გარეშე ხდებოდა - თელავის ბაზარში მომუშავე შალვა ბერიშვილის პროდუქტი ჯერ დალუქეს, შემდეგ კი 1000 ლარით დააჯარიმეს. 

ბეროშვილის მსგავსად, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს და გაანადგურეს სხვა სავაჭრო ობიექტების შემოწმების შედეგადაც. შემოწმდა ხორცის ის მაღაზიებიც, რომლებიც საავტომობილო გზაზე, ღია ცის ქვეშ არის განთავსებული. თელავში, გურჯაანში, სიღნაღსა და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში დიდი ოდენობით, ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოვლინდა და განადგურების მიზნით დაილუქა. როგორც ირკვევა, ხორცი მეპატრონეს კანონით განსაზღვრულ სასაკლაოზე არ დაუკლავს, ლაბორატორიულად არ შეუმოწმებია და დახლზე ისე განათავსა, რომ მის ვარგისიანობაზეც არ უფიქრია. 

14 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რის გამოც ინდმეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმო პროცესი შეუჩერდათ. 4 ინდმეწარმე რეესტრში რეგისტრაციის არქონისა და ვადაგასული ხორცის გაყიდვის გამო დაჯარიმდა. დღეს "კურიერმა" ის მოვაჭრეებიც გადაიღო, რომლებმაც ჯარიმისა და გაფრთხილების მიუხედავად, წესების დარღვევით მუშაობა მაინც გააგრძელეს. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ხორცის სარეალიზაციო 35 ობიექტი შეამოწმეს. 

ხორცპროდუქტები, რომელიც სასაკლაოს გვერდის ავლით იკვლება, საკვებად უვარგისად ითვლება. ასეთი დარღვევის აღმოჩენის შეთხვევაში, ხდება მისი ამოღება, დალუქვა და განადგურება. კანონის მიხედვით, ჯარიმდება რეალიზატორი. სააგენტო აცხადებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შეთხვევაში მოქალაქეებს ინფორმაციის მიწოდება ცხელ ხაზზეც შეუძლიათ. 

დღის ამბები