20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
საქართველო ჯემალ ჭკუასელს გლოვობს - ცნობილი ლოტბარი და "ერისიონის" ხელმძღვანელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა 

"ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელს და დირიჟორს, დღეს მთელი საქართველო გლოვობს - ჯემალ ჭკუასელმა მთელი ცხოვრება დაუთმო იმას, რომ ქართული - ხალხური სიმღერა ბოლომდე გაეგო და ისე შეეყვარებინა, რომ თაობებისთვის გადაეცა.

ჯემალ ჭკუასელი ცნობილი მომღერლის, შერმადინ ჭკუასელის ოჯახში დაიბადა. სწორედ მამას ასწავლა ბავშობიდან ქართული ფოლკლორის სიყვარული. "ერისიონის" დირიჟორი საქართველოს ხალხური სიმღერის და ცეკვის ანსამბლის სოლისტი იყო. ხელმძღვანელობდა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლსაც.

საქართველოს ხალხური სიმღერის და ცეკვის ანსამბლს 1986 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2015 წლიდან დღემდე კი ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი იყო.

ანსამბლმა "ერისიონმა" 130 წლის განმავლობაში უამრავ წარმატებას მიაღწია. "ერისიონის" სახელი მსოფლიოს გაცდა და კოსმოსში მოხვდა. "ჩაკრულო", რომელიც "ნასამ" კოსმოსში 1977 წელს გაგზავნა, ერისიონის სოლისტები ასრულებენ. სხვადასხვა დროს ანსამბლში ქართული ფოლკლორის გამოჩენილი პროფესიონალები მოღვაწეობდნენ. მიუხედავად ამისა, "ერისიონის" ოქროს ხანა ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო. ამ პერიოდში ანსამბლმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ჯილდო და დამსახურება მოიპოვა.

ჯემალ ჭკუასელმა საქართველოში ქართული ფოლკლორის ეპოქა შექმნა. სახალხო არტისტის გარდაცვალებას საქართველოს პრემიერ- მინისტრი გამოეხმაურა.

მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული, სახალხო არტისტი 86 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა. ჯემალ ჭკუასელმა ქართული - ხალხური ტრადიციები მთელ მსოფლიოს გააცნო და შეაყვარა. საქართველოს კი შეუფასებელი კულტურული საგანძური დაუტოვა.

დღის ამბები