20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
რატომ გახდა 14 წლის გოგონა შანტაჟის მსხვერპლი - 28 წლის მამაკაცმა არასრულწლოვნის მშობლებს შვილის სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა გაუგზავნა

შანტაჟის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი - "კურიერმა" დღეს თბილისში მომხდარი კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ შეიტყო, რომელიც არასრულწლოვანს ეხება.

28 წლის მამაკაცი გოგონას ჯერ სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყნებით ემუქრებოდა, შემდეგ კი არასრულწლოვნის პირადი არქივი მის ოჯახს გადაუგზავნა.

მოზარდის დედა "კურიერთან" ჰყვება რომ 28 წლის მამაკაცი შვილის შანტაჟში მის მეგობარ ასევე არასრულწლოვან გოგონას იყენებდა. სწორედ მან გადაუგზავნა 14 წლის ბავშვის ფოტო და ვიდეო მასალები ოჯახს. ამის შემდეგ შანტაჟის მსხვერპლი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა მშობელი იხსენებს, რომ მის შვილს ხასიათში ცვლილება მანამდეც შეატყო.

როგორ მოხვდა სავარაუდო მოძალადის ხელში მსხვერპლის პირადი ფოტო და ვიდეო-მასალა - ეს არასრულწლოვანის დედამ იცის. ქალი ამბობს, რომ შვილს და მის უახლოეს მეგობარ გოგონას ტელეფონის პარამეტრები საერთო ჰქონდათ, სწორედ ამიტომ 28 წლის მამაკაცს მათზე წვდომა გაუადვილდა.

სოციალურ ქსელში სექსუალური ხასიათის ფოტოების მიღების შემდეგ, არასრულწლოვანის ოჯახმა პოლიციას მიმართა. ახალგაზრდა კაცი პოლიციაში შეტყობინების მიღებისთანავე დააკავეს, მოზარდს კი, ფსიქოლოგების დახმარება სჭირდება. 

გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა - ამ ბრალდებების მიხედვით მამაკაცს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. "კურიერთვის" სავარაუდო მოძალადის ვინაობა ცნობილია, თუმცა რადგან დანაშაული არასრულწლოვნებს ეხებათ, პიროვნების იდენტიფიცირებას არ ვახდენთ.

სავარაუდო მოძალადის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულთან კავშირზე კამერასთან არ საუბრობს. 

 

დღის ამბები