05 მაისი 2024,   21:54
ვრცლად
გაუჩინარებამდე დატოვებული წერილები და მინიშნებები - რა ინფორმაციას ინახავს რამაზ გერლიანის ტელეფონი

რამაზ გერლიანს ამ დრომდე ვერ პოულობენ - საქმე, შესაძლოა, გენერალურმა პროკურატურამ გადაიბაროს. იმის გამო, რომ მოქალაქის ბუნდოვანი გაუჩინარების საქმეში პოლიციელი ფიგურირებს, ოჯახი საქმის გადატანას მთავარ საგამოძიებო უწყებაში ითხოვს, თუმცა, პასუხი გენერალური პროკურატურიდან ჯერ არ არის.

მე­სა­მე დღეა, რაც ეკონომიკის ექ­სპერ­ტი გაურკვეველ ვი­თა­რე­ბა­ში დაიკარგა, თუმცა, რამაზ გერლიანმა გაუჩინარების წინ გამოძიებას სამხილები დაუტოვა.

აღმოჩენილია კიდევ ერთი წერილი და მობილური ტელეფონი, რომლის პინ კოდიც იქვე იყო მითითებული.
დიდი ალბათობით, სწორედ ეს ტელეფონი ინახავს მუქარის ზარებს და აუდიოჩანაწერებს, რომელიც პოლიციელის მიერ არის განხორციელებული.

დღეს ოჯახის წევრები ცდილობდნენ, რამაზ გერლიანის გადაადგილების ტრაექტორიის დადგენას, რომელიც მიხედვითაც გაირკვა, რომ გამოძიებას სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი უკვე ამოღებული აქვს. გერლიანის ოჯახის წევრების ინფორმაციით, გაუჩინარებული ჯერ პოლიციასთან მივიდა, დატოვა ავტომობილი წერილით, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირზე, ოფისში იმყოფებოდა. მისი კვალი რუსთაველის გამზირიდან ქრება, რა დროსაც ის ფეხით გადაადგილდებოდა და მეგობარი შეხვდა.

გერლიანმა ავჭალის პოლიციაში მანქანა წერილით, საკუთარ ოფისში კი წერილი ტელეფონთან ერთად დატოვა. პირი ახალ გზავნილში ესაუბრება შვილებს და ამბობს, რომ დაიღალა. ტელეფონში კი, მეგობრების ინფორმაციით, 14 ნოემბერს, ჩარგლის ქუჩაზე, მისი ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში მომხდარი დაპირისპირების აუდიო ჩანაწერი ინახება. მონათხრობის მიხედვით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, იარაღით მუქარას პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან. მეგობრები და გერლიანის ძმა ამბობენ, რომ ტელეფონი გამოძიებისთვის მნიშვნელოვან სამხილებს ინახავს, მათ შორის, მუქარის შინაარსის ხმოვან შეტყობინებებს.

"ეკონომიკის რეკონსტრუქციის ცენტრის" ხელმძღვანელის გაუჩინარებას წინ უძღოდა ფეისბუქ პოტი, რომელიც სოციალური ქსელიდან რამდენიმე საათში წაიშალა. ამ დრომდე უცნობია, ვინ წაშალა რამაზ გერლიანის მთავარი გზავნილი, რომლის მიხედვითაც პირმა საზოგადოებას შეატყობინა პოლიციელთან არსებული დაპირების შესახებ. ექსპერტის გაუჩინარების შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები, მაგრამ სხვადასხვა ლოკაციებზე პოლიციას მხოლოდ წერილები და ახალი მინიშნებები ხვდება.

დღის ამბები