სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირს არ ენდობა - ასე აფასებენ თბილისში რეფერენდუმის შედეგებს ისლანდიაში.
მოსახლეობის თითქმის 53-მა პროცენტმა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.
კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებას შიდა ეროვნული ინტერესები და თევზჭერის უფლებები წარმოადგენდა. ბრიუსელმა ისლანდიას თევზჭერაზე სპეციალური ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, თუმცა რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ ისლანდიის მოსახლეობამ ევროკავშირის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კრისტრუნ ფროსტადოტი აცხადებს, რომ მიღებული შედეგი ქვეყნისთვის სასარგებლოა და ახლა მთავარი საზოგადოებრივი ერთიანობის შენარჩუნებაა.
"ვფიქრობ, ქვეყნისთვის ეს კარგი შედეგია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის შემდეგ ერთიანები დავრჩეთ. ვფიქრობთ, რომ ახლა საჭიროა, შევაფასოთ სიტუაცია და გადავწყვიტოთ, თუ რას ვაკეთებთ ამ ეტაპზე განაცხადთან დაკავშირებით. მინდა, მკაფიოდ ვთქვა: ეს მთავრობა ამ საპარლამენტო ვადის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს არ გააგრძელებს. ჩვენი დაპირება იყო, რომ რეფერენდუმს ჩავატარებდით, მის შედეგს მივიღებდით და პატივს ვცემდით", - აცხადებს ისლანდიის პრემიერ-მინისტრი.