5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირი, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ოძელაშვილი, ალიკა ალაზოვი და გიორგი ელისბარაშვილი, 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. დაკავებულებს ამ დრომდე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
გამოძიების ინფორმაციით, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები, ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ "თბილისი პრაიდის" ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს "თბილისი პრაიდის" კუთვნილი ინვენტარი.