16 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო სხდომა 24 იანვარს გაგრძელდება

2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლო მსჯელობას 24 იანვარს, 12:00 საათზე გააგრძელებს. სწორედ ამ სხდომაზე ჩამოაყალიბებს დაცვის მხარე - ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე საპასუხო კონტრარგუმენტების.

დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა 7 ნოემბრის ამსახველი მოვლენების ვიდეო-კარები აჩვენეს და მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის დამტკიცება სცადეს. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, დღეს გამოკვლეული არც ერთი ვიდეო სააკაშვილის ბრალეულობაზე არ მიუთითებს.

"ჩვენ ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით იყო გაფრთხილება. ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე საკმაო დრო მიეცათ მომიტინგეებს, რომ პოლიციის მოთხოვნა შეესრულებინათ.  ვნახეთ მძიმე კადრები, როდესაც პოლიციას და მოქალაქეებს შორის იყო შეტაკება, მაგრამ ამას ჰქონდა ერთეული ინციდენტების სახე, არ ყოფილა პერმანენტული. მოქალაქეების მხრიდან ხდებოდა ასევე ქვების დაშენა, პოლიციელების ცემა და ა.შ. 

დღეს რაც გამოვიკვლიეთ, ეს მტკიცებულება მიხეილ სააკაშვილს არანაირად არ მიემართება," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააკაშვილის ბრალეულობა დასტურდება.

"როდესაც ბრალდების მხარე საქმის საგნობრივ და შინაარსობრივი მხარის განხილვაზე გადადის, რატომღაც ბრალდებული სააკაშვილი ჯანმრთელობის მომიზეზებით უარს აცხადებს მონაწილეობის მიღებაზე.

დაცვის მხარე რომ მიუთითებს დანაშაული არ დასტურდებაო, ისინი რას ელოდებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელკეტით ვიხილავდით ვიდეო-კადრებში?! მიხეილ სააკაშვილი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი. მისი დავალება სადამსჯელო ღონისძიებაზე, შეასრულეს სამართალდამცველებმა. ეს ჩანს კადრებზე. დაცვის მხარე კი იძახის ერთს, მაგრამ ფაქტი არის მეორე, რომ 7 ნოემბერს ჩადენილია სისტემური უმძიმესი დანაშაული და დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს ჩვენი ვიდეომტკიცებულებით," - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები