03 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
ბიზნესმენების რეკეტი და შანტაჟი "ქურდების" მონაწილეობით - მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები

"ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებული 4 პირიდან ერთ-ერთი, კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი დანგაძეა. გამოძიების ინფორმაციით, ის ქუთაისში ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხას და ძვირადღირებული ავტომობილის დათმობას აიძულებდა. იყო მკვლელობით დამუქრება და შვილით შანტაჟი. დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდის გია "სოხუმსკის" შვილია. სამართალდამცველებმა ის სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. საგამოძიებო უწყებამ ფარული ჩანაწერიც გამოაქვეყნა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ორ კანონიერ ქურდთან ერთად, ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე წლის წინ, მოსკოვშიც დააკავეს. "კურიერი" თბილისში, ირაკლი დანგაძის ნაქირავებ სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა გაირკვა, რომ იქ ცხოვრების პერიოდში, მას მეზობლების ყურადღება არ მიუქცევია.

დანგაძე ქუთაისში დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადვოკატმა უკვე მოინახულა. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ბრალის ირგვლივ საუბარს, დუმილს ამჯობინებს.

დანგაძის მსგავსად, კიდევ ერთი ბიზნესმენის რეკეტის ბრალდებით 3 პირი ბორჯომშიც დააკავეს. გამოძიების ცნობით, ლაშა ჯავახაძე და დავით წიქარიშვილი ადგილობრივ მეწარმეს ფულს ინტენსიურად სძალავდნენ. აპირებდნენ მისი საწარმოს ხელში ჩაგდებასაც. მანამდე კი, მეწარმის შვილს ავტომობილი იძულებით ჩამოართვეს. ბიზნესმენმა დახმარება ე.წ. კანონიერ ქურდებს სთხოვა, რომლებმაც საქმეში ნიკოლოზ შელია ჩართეს. შელია შუამავალი იყო ბიზნესმენსა და რეკეტში ბრალდებულებს შორის მანქანის დაბრუნების საკითხში. ძალოვანმა უწყებამ ფარული ჩანაწერიც გაავრცელა, სადაც შელია დაზარალებულს ამ თემაზე ესაუბრება.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები, სამცხე-ჯავახეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. მათ ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ბრალდებულების კრიმინალურ სამყაროსთან კავშირს უარყოფენ მათი მეზობლები და ოჯახის წევრები.

"ქურდულ სამყაროსთან" კავშირსა და გამოძალვაში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. ოთხივე დაკავებულს 7-10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები