20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
ნიკა გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა, ხელი მომაწერინა ტექსტზე, რომელიც შემდეგ თავად განავრცო, შოკისმომგვრელია - სააკაშვილის მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკა გვარამიას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. ნინო გოგორიშვილის თქმით, ნიკა გვარამიამ მას ხელი მომაწერინა ტექსტზე, რომელიც შემდეგ თავად განავრცო.  

ექიმის თქმით, მას არ უთქვამს რომ ექსპრეზიდენტი მკურნალობის გაგრძელებასა და რეაბილიტაციას საზღვარგარეთ საჭიროებს, ნიკა გვარამიამ კი, როგორც ნინო გოგორიშვილი განმარტავს ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რის შედეგადაც მან ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

"28 დეკემბერს პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან მყოფი ნიკა გვარამია გამესაუბრა, თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ იყო გაცემული მოკლე პასუხები. ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით. რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით. აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა.

მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემო აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან სადაც მან მიწოდა მკვლელი ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას,"- აცხადებს ნინო გოგორიშვილი. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექსპრეზიდენტის უფლბადამცველმა ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ დატოვა. მან ჟურნალისტებს, როგორც თავად თავად, სააკაშვილის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის წერილი გააცნო.

სააკაშვილთან იმყოფებოდა მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის პირადი ექიმიც. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიუხედავად მედიცინის დიდი ტრადიციებისა საქართველოს არ აქვს აღნიშნული პაციენტს მკურნალობის გამოცდილება. 

"საქართველოს აქვს ძალიან კარგი მედიცინა დიდი ტრადიციებით, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ასეთი ავადმყოფების მკურნალობა. არ შეგვხვედრია, არ ყოფილა ადრე, უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი. უნდა ვუმკურნალოთ იქ სადაც არის მაგის საშუალება და გამოცდილება,"- აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი კვლავ გორის ჰოსპიტალში რჩება და რუსთავის ციხეში გადაყვანაზე უარს აცხადებს. გაწერის შემთხვევაში კი ყოფილ პრეზიდენტს მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთის რომელიმე კლინიკაში სურს.

 

 

დღის ამბები