მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. ბრალდებული მკვლელიც არის და დაზარალებულიც. საახალწლო სუფრაზე გორში ძმამ ძმა მოკლა. მოკლული ტყუპისცალია, მოტივი კი ბანალური - კამათი ნასვამ მდგომარეობაში.
თუმცა გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ ეს შურისძიება იყო. დაპირისპირება სოფელ ახალსოფელში 1 იანვარს 32 წლის ძმებს შორის მოხდა. მკვლელობის იარაღი დანაა. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ოპერაციის მიმდინარეობისას მას გული გაუჩერდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პაციენტს მუცლის ღრუში გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა, რომელმაც სასიცოცხლო ორგანოები დააზიანა.
ტყუპებს შორის მომხდარ ტრაგედიის მოტივზე მეზობლებს საუბარი უჭირთ, მკვლელობის შესახებ მათ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც კუთარაშვილების სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაჭრილი ძმის გადარჩენას თავადაც ცდილობდა. ახლობლები ყვებიან, რომ დედმამიშვილებს მანამდე უთანხმოება არ ჰქონიათ.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, დაკავებულ კუთარაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა და ის ახლა ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.