თბილისსა და რეგიონებში მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან. სწავლის პროცესში ჩართვა მოსწავლეებს დისტანციურადაც შეეძლებათ. სკოლებში განმარტავენ, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მზად არიან ბავშვები უსაფრთხო გარემოში მიიღონ. საჯარო თუ კერძო სკოლები აღჭურვილი იქნება ჰიგიენური, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებით, დეზობარიერითა და თერმოსკრინინგით.
პედაგოგების მსგავსად სწავლის პროცესის განახლების მოლოდინში არიან მოსწავლეებიც. ამბობენ, რომ აუცილებელია გარკვეული შეზღუდვების დაცვა და რეკომენდაციების გათვალისწინება. მშობლების ნაწილი კი აცხადებს, რომ თუ სკოლებს აქვთ რესურსი, კორონავირუსის პირობებში მოსწავლეები უსაფრთხო გარემოში მიიღონ, მათი გადაწყვეტილებაა შვილები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.
რეგიონების მსგავსად სწავლის დასაწყებად ემზადებიან თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებისა და მათი მშობლების გადასაწყვეტია სწავლის პროცესში დისტანციურად ჩაერთვებიან თუ არა, სკოლები მაინც მზად არის უსაფრთხოების სრული დაცვით მიიღონ მოსწავლეები.
სკოლებში სამზადისს გაეცნო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე. სამინისტრო მშობლებს ისევ აძლევს საშუალებას აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. შეზღუდვები ამოქმედდება კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში.
პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ოთახების ხშირი განიავება და სიმპტომიანი პირების სწრაფი იზოლირება - ეპიდემიოლოგების აზრით, აუცილებელია სკოლებში ეს რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული.
განათლების უწყებაში განმარტავენ, რომ მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და რისკების თავიდან აცილების მიზნით, ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.