20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
თოვლმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა - დიდთოვლობას აჭარის სანაპირო ზოლზე შტორმიც ემატება

ძლიერი შტორმი და დიდთოვლობა აჭარაში - უამინდობამ პრობლემები შეუქმნა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს. აჭარის მაღალმთიანი სოფლები 1 მეტრიანმა თოვლის საფარმა მოიცვა. სწორედ უამინდობის გამო აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეფერხებულად მიეწოდება.

პარალელურად, შტორმია ბათუმში, სადაც დაზიანდა ზღვისპირა ინვენტარი და რამდენიმე კერძო ობიექტი. რამდენიმე საათის წინ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო შტაბის სხდომა ჩაატარა, სადაც კონკრეტული სამუშაოები დაიგეგმა.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება. გაწმენდითი სამუშაოები მაღალმთიანი ზონების გარდა, ხელვაჩაურისა და ქობულეთშიც მიმდინარეობს.

აჭარის გარდა, სპეციალური სერვისები მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული ქუთაისშიც. დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილებს. აქტიურად იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები. თეთრ ხიდზე დამცავი ბარიერები განათავსეს, რომ მოქალაქეებს ხიდის მინის ზედაპირზე გადაადგილებისას პრობლემა არ შეექმნათ.

ძლიერმა თოვამ პრობლემები შექმნა აღმოსავლეთ საქართველოშიც - უკვე მესამე დღეა, ლარსის გამშვები პუნქტისკენ მიმავალ გზაზე ათობით სატვირთო მანქანაა გაჩერებული. ღია ცის ქვეშ დარჩენილი მძღოლები გზის გაწმენდას ელოდებიან.

დიდთოვლობამ გადაადგილების პრობლემა ადიგენის მოსახლეობასაც შეუქმნა. საგზაო კომპანიაში აცხადებენ, რომ მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძირითად სოფლებთან მიმოსვლა აღდგენილია, თითქმის აღმოფხვრილია პრობლემა მაღალმთიან სოფლებშიც.

დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემები, ფაქტობრივად, სრულად აღმოფხვრილია სამეგრელოში. სოფლამდე მისასვლელი გზის გაწმენდა მოხერხდა და ადმინისტრაციულ ერთეულებამდე გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღდგენილია უამინდობით გამო შეზღუდული ელექტროენერგიის მიწოდება. დარჩენილია ზუგდიდის ოთხი სოფლის მხოლოდ რამდენიმე უბანი. თუმცა, შესაბამისი უწყებების განმარტებით, რამდენიმე საათში ეს პრობლემაც აღმოიფხვრება.

დიდთოვლობისა და უხვი ნალექისგან ჩახერგილი გზები უკვე გაწმინდეს გორშიც. დაყრილია ტექნიკური მარილიც. მიუხედავად იმისა, რომ თოვლს თან ყინვაც ერთვის, გორის მერიაში აცხადებენ, რომ სრულად მობილიზებული არიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეტეოროლოგიური მდგომარეობა ისევ გაუარესდება.

ქვეყანაში შექმნილ მძიმე მეტეოროლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აკეთებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. უწყებაში განმარტავენ, რომ ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, საქართველოს რამდენიმე რეგიონში მომდევნო კვირაში უამინდობა კვლავ გაგრძელდება.

დღის ამბები