თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის საჩივარი დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილებით, გაუქმდა ჯარიმა, რომელიც ინსპექტორის აპარატმა პენიტენციურ სამსახურს, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამო დააკისრა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
"სამწუხაროდ დღეს სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, რაც მოულოდნელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად დასაბუთებული, დააკმაყოფილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივარი. ძალიან სამწუხარო იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვართ ჩვენი გადაწყვეტილების სამართლიანობრივ დასაბუთებაში, მის სისწორეში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აუცილებლად გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო მაინც მოახდენს შესაბამის შეფასებას აღნიშნული გადაწყვეტილების," - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა ჯონი ჩონიაძემ.