უკვე მეშვიდე დღეა, მაღალმთიან აჭარაში გადაუღებლად თოვს. დიდთოვლობამ სოფლებში გადაადგილების პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასასოფლო გზების გაწმენდა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ადგილზე 70-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკა და ადამიანური რესურსია მობილიზებული.
უამინდობაა ბათუმშიც, თოვლისა და მოყინული გზების გამო, ადგილობრივებს ქუჩებში გადაადგილება უჭირთ. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. იწმინდება ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხებიც.
დიდთოვლობაა გურიაშიც. უხვმა ნალექმა ელექტროსადენები დააზიანა, რის გამოც სოფლების ნაწილს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება. გართულებულია როგორც ცენტრალურ, ისე შიდასასოფლო გზებზე გადაადგილება. შეფერხებით, ზოგან კი საერთოდ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მთელი ქვეყნის მაშტაბით საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. გზების დეპარტამენტი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, რომ გზებზე ზამთრის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებით იმოძრაონ.
უამინდობა დასავლეთ საქართველოში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. 21 იანვრიდან კი, სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ.