20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
ერთი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა - გუგა ქაშიბაძე დაშავებულ მეშახტეებზე

გამოძიება ამ დრომდე ადგენს, რა მოხდა გვიან ღამით ტყიბულის შახტში და რამ გამოიწვია აფეთქება. უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა რვა. რვავე თბილისში ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ 8 მეშახტიდან 3 რეანიმაციაში, 5 კი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული:

"ტყიბულიდან გამთენიისას მივიღეთ 8 მეშახტე, სავარაუდოდ მეტანის აფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. 3 ადამიანი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ერთი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა. 5 მათგანი მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია," - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

ტყიბულში ადგილობრივები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. ერთ-ერთი მეშახტე, რომელიც აფეთქების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სამორიგეოსგან მიიღეს, ადგილზე მისაშველებლად მისულებს კი დაშავებული ხალხი დახვდათ:

"სამორიგეომ გადმოგვცა რომ რაღაც მოხდაო და რომ მივედით ადგილზე დამწვარი იყო ხალხი აფეთქების შედეგად. აფეთქება რამ გამოიწვია არ ვიცი," - აცხადებს ერთ-ერთი მეშახტე.

დაშავებული მეშახტის ახლობელი კი აცხადებს, რომ შახტში სამუშაოები ნებართვის საფუძველზე ხდება და რამ გამოიწვია უსაფრთხოების წესების დარღვევა მისთვის უცნობია.

დღის ამბები