20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ტყიბულის შახტში გამოვლენილი დარღვევის გამო, შრომის ინსპექციამ აფეთქებითი სამუშაოების შეჩერებისა და კონკრეტული უბნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

შრომის ინსპექციის სამსახურმა ტყიბულის შახტში მომხდარი ინციდენტის მოკვლევა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე, მოხდა მყისიერი რეაგირება და ინსპექტორთა ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა. მიმდინარეობს საკითხის კომპლექსური შესწავლა, რაც მხარეთა გამოკითხვას და ადგილის სრულყოფილ დათვალიერებას გულისხმობს.

"პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში. დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.

გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა.

შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები